საქართველოს მთავრობის

                                                                                                        დადგენილება №431

                                                                                            2020 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი

„იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ

 

მუხლი 1

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29​1 მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 16​1 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესი“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

პრემიერ - მინისტრი                                                                    გიორგი გახარია

 

„იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 1.

ეს წესი არეგულირებს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ რეკომენდაციის გაცემის, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს, ასევე განსაზღვრავს რეკომენდაციის გაცემისა და გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელ კრიტერიუმებს.

მუხლი 2.

1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9​1 მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებელი (იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე) კომისიას წარუდგენს: (21.08.2020 N527)

ა) წერილობით განცხადებას;

ბ) მონაცემებს იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მიწვეული თანამშრომლების სიას (პირადობის მოწმობის ასლის, თანამდებობისა  და საცხოვრებელი ადგილის მითითებით);

დ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხას (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს საქმიანობა;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული შენობა-ნაგებობის:

ე.ა) იჯარის ხელშეკრულებას, თუ ლიცენზიის მაძიებელს იჯარით აქვს აღებული ეს შენობა-ნაგებობა;

ე.ბ) ამონაწერს საჯარო რეესტრიდან;

ვ) ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

2. ამოღებულია (21.08.2020 N527)

3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ნებართვის მაძიებელი (ტრანზიტის შემთხვევაში შესაძლებელია, იყოს გადამზიდველი) კომისიას წარუდგენს: (21.08.2020 N527)

ა) წერილობით განცხადებას;

ბ) სანებართვო ქმედების შესაბამის ხელშეკრულებას ან განზრახულობათა ოქმს;

გ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემულ საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს, სადაც ხორციელდება იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);

დ) ტრანზიტის შემთხვევაში, გადამზიდველისათვის გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტაციას;

ე) ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

4. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის მიღების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან მისი უფლებამონაცვლე კომისიას წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

5. ამოღებულია (21.08.2020 N527)

6. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9​3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

7. ლიცენზიის ან/და ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიას დამატებით წარუდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მუხლი 3.

კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის, აგრეთვე გადაწყვეტილების   მიღების პროცედურები (მათ შორის: რეკომენდაციის გაცემისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები), ასევე რეკომენდაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 4.

 რეკომენდაციის გაცემისას, აგრეთვე რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის, მისი შეჩერების ანდა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ვრცელდება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები.

მუხლი 5.

უწყებათაშორისი კოორდინაცია ხორციელდება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლით დადგენილი წესით.

 

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image