რა არის ორმაგი დანიშნულების პროდუქცია?

პროდუქცია (მათ შორის, კომპიუტერული პროგრამა ან/და ტექნოლოგია), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისათვის, აგრეთვე, როგორც ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ისე არაფეთქებადი მიზნებისათვის;

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა განსაზღვრულია ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის №394 დადგენილების (13.06.2014) №2 დანართით.

ამ ნუსხით ხორციელდება საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლი, საქართველოს ეროვნული უშიშროების ინტერესების გათვალისწინებით და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმების განსამტკიცებლად.

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის სახეები:

 1) ექსპორტის ნებართვა;

 2) იმპორტის ნებართვა;

 3) ტრანზიტის ნებართვა;

 4) საბროკერო მომსახურების ნებართვა;

 5) ტექნიკური დახმარების ნებართვა.

ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური.

ნებართვის მაძიებელი:

ნებართვის მაძიებელი უნდა იყოს სანებართვო ქმედების უშუალო განმახორციელებელი, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი შესაძლებელია იყოს აგრეთვე გადამზიდველი.

ზემოაღნიშნული ნებართვები გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე:

ა) თუ საკონტროლო ნუსხაში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით იქნება აღნიშნული;

ბ) ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

რეკომენდაციის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტაცია

შენიშვნა: განმცხადებელი ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, თუ მას არ აქვს საცხოვრებელი ანდა ადგილსამყოფელი საქართველოში.

რეკომენდაციის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს:

ა) განცხადება - ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 04 აგვისტოს №68 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (განთავსებულია ვებ გვერდზე);

ბ) განცხადებას თან უნდა დაერთოს მისი განხილვისთვის საჭირო, ამ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი (ინფორმაცია):

ბ.ა) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულება ან განზრახულობათა ოქმი;

ბ.ბ.) პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა;

ბ.გ.) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი ან მისი დამოწმებული ასლი - ექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქცია უბრუნდება გამომგზავნს ექსპორტიორ ქვეყანაში;

ბ.დ.) ტრანზიტის შემთხვევაში - გადამზიდველისათვის გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან მისი დამოწმებული ასლი;

ბ.ე) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის და იმპორტის ნებართვებს ან მათ დამოწმებული ასლი, თუ ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარ ნებართვებს.

შენიშვნა: განმცხადებელს უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც მისი შეხედულებისამებრ შეიცავს კომისიის გადაწყვეტილების/ რეკომენდაციის მიღებისათვის საჭირო დამატებით ინფორმაციას.

განმცხადებელი ვალდებულია, კომისიის მდივნის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, კომისიას დამატებით წარუდგინოს რეკომენდაციის და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ინფორმაცია).

განმცხადებელი პასუხისმგებელია წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების სისწორეზე და უტყუარობაზე.

რეკომენდაციის გაცემის წესი

ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის ან კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მეორე დღიდან.

განცხადების, დოკუმენტების სახელმწიფო ენაზე თარგმნისა და მათი კომისიაში წარდგენისათვის, დამატებითი დოკუმენტების (ინფორმაციის) კომისიაში წარდგენისათვის,  ხარვეზის შევსებისთვის, აგრეთვე წარმომადგენლის დანიშვნის მიზნით, კომისიის მდივანი განმცხადებელს წერილობით განუსაზღვრავს 5-დან – 30 სამუშაო დღემდე ვადას;

თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეასრულებს განსაზღვრულ მოთხოვნებს, განცხადება რჩება განუხილველად, რის შესახებაც კომისიის მდივნის მიერ ეცნობება განმცხადებელს.

განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე, ან ამ ვადის განმავლობაში მოთხოვნილი დოკუმენტაციის / ინფორმაციის სამინისტროში შემოსვლამდე.

კომისიის გადაწყვეტილების და რეკომენდაციის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, რომელიც აითვლება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დღიდან. ამ ვადაში არ შედის ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების პერიოდი.

რეკომენდაციის მოქმედების ვადაა 12 თვე მისი ძალაში შესვლის დღიდან.

ნებართვა

რეკომენდაციის მიღების შემდეგ ნებართვის მაძიებელი მიმართავს  ნებართვის გამცემს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს.

 

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image