ექსპორტის კონტროლი

მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და  ჩვეულებრივი შიარაღების უკონტროლო აკუმულაცია რთულ რეგიონებში საფრთხეს უქმნის გლობალურ და რეგიონალურ უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ მხრივ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს შესაძლო რისკი იმისა, რომ მასობრივი განადგურების იარაღი და მათი გადატანის საშუალებები შეიძლება იოლად მისაწვდომი გახდეს როგორც მაღალი რისკის ქვეყნებისათვის, ასევე ტერორისტული ორგანიზაციებისთვის.

 

ექსპორტის კონტროლი სწორედ ის ინსტრუმენტია, რომლითაც შესაძლებელი ხდება ზემოაღნიშნული რისკების პრევენცია და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა. განვითარებული ექსპორტის კონტროლის პოლიტიკა, ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით, სენსიტიური საქმიანობებისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ბრუნვის კონტროლის მონიტორინგის ეფექტური განხორციელებით, ხელს უწყობს დანაშაულის, ადამიანის უფლებათა დარღვევის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და ტერორიზმის შემცირებას, მსოფლიოს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, ამასთან,  საერთაშორისო ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარების ხელშეწყობით. ამ ამოცანათა განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე მრეწველობასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის, მრეწველობის გათვითცნობიერებულობის ამაღლების,  გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის სასურველი სისტემის ჩამოყალიბება, რითაც მრეწველობა მაქსიმალურად შეიძლება დაცულ იქნეს არასასურველი საქმიანობისა თუ ტრანსფერებისაგან.

 

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ექსპორტის პოლიტიკისა და ეფექტური ეროვნული სისტემის ჩამოყალიბების, ექსპორტის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი, რომლის ინიციატორიცაა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ექსპორტის კონტროლის სისტემაში ჩაბმულ საქართველოს სხვა უწყებებთან ერთად  და ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი პროგრამების ხელშეწყობით, უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობითა და გამოცდილების გაზიარებით, შეიქმნა და 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოში ექსპორტის კონტროლის მარეგულირებელი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული და ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც  ასევე შეიცავს ახალ, ევროპული ნუსხების იდენტურ საკონტროლო ნუსხებსაც.  

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია, მასთან არსებულ უწყებათაშორის ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ახორციელებს სტრატეგიული ტვირთების ბრუნვის კონტროლს საერთაშორისო და ეროვნულ პრონციპებზე ჩამოყალიბებული კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით. პრაქტიკულად, კომისია, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება,  საკითხის პირველადი ანალიზისა და ექსპერტიზის საფუძველზე იძლევა დასკვნას, რამდენად ექვემდებარება კონკრეტული ტრანზაქცია კონტროლს და რა სახის რისკები შეიძლება გამოიწვიოს მან ეროვნული, რეგიონალური თუ საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით.

 

ჩვენ ვითვალისწინებთ მსოფლიო გამოცდილებას, რომელიც ცხადყოფს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურებით რთულია ეროვნულ დონეზე ექსპორტის კონტროლის ეფექტურად განხორციელება. ამის აუცილებელი პირობაა ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათთან ხშირი დისკუსიების გამართვით, მათი პრობლემების გაანალიზებით, მეწარმეთა ინფორმატიულობის ამაღლებით, რითაც არა მარტო დავიცავთ მათ შესაძლო რისკებისაგან, არამედ ხელს შევუწყობთ მაქსიმალურად უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას.

 

 

 

 

 

 

 

პარტნიორები