საქმიანობის ლიცენზიები

ლიცენზია

რა არის საქმიანობის ლიცენზია?

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიის სახეები:

  • სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია;
  • სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით)  გენერალური ლიცენზია;
  • სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია;
  • სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია.
  • სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზია;
  • სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზია;
  • სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზია;

 

საქმიანობის ლიცენზიის მიღების პროცედურები

 

I ეტაპი

ზემოაღნიშნული ლიცენზიები გაიცემა რეკომენდაციის საფუძველზე, რომლის  მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი პირველ ეტაპზე მიმართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის უფლებამოსილებას, საქმიანობის წესსა და კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს განსაზღვრავს კომისიის დებულება.

 

რეკომენდაციის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტაცია

 

  • რეკომენდაციის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განცხადება.

 

განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმის,  წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე და უნდა შეიცავდეს:

ა) კომისიის დასახელებას; 

ბ) განმცხადებლის ვინაობას ან დასახელებას, პირად ან საიდენტიფიკაციო ნომერს და მისამართს;    

გ) მითითებას, თუ საქმიანობის ლიცენზიის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

დ) ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მისამართს;

დ) განმცხადებლის ხელმოწერას;

ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

  • მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
  • ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ფართის საჯარო რეესტრის ამონაწერი.

შენიშვნა: თუ ფართი დაქირავებულია, წარდგენილ უნდა იქნეს ქირავნობის ნოტარიულად დამტკიცებული ხელშეკრულება.

კომისია/კომისიის მდივანი უფლებამოსილია განმცხადებელს მოთხოვოს გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღებისათვის საჭირო სხვა დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

II ეტაპი

 

ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

 

საქმიანობის    ლიცენზიის მაძიებელი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ საქმიანობის ლიცენზიის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.

განცხადებას უნდა ერთვოდეს:

  • კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები:
  • იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის, ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის, ფსიქიკური მდგომარეობის და დეპორტაციის შესახებ;

 

ინდივიდუალური მეწარმისათვის:

1. ცნობები მისი ნასამართლობის, ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის  27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

2. სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);

3. იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის, ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

  • იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს იარაღის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა;
  • ცნობა შესაბამის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შესახებ;
  • შესაბამისი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • შესაბამისი შენობა-ნაგებობის სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
  • სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახაზინო კოდი - 302 006 500.

 

შენიშვნა: სამოქალაქო იარაღთან დაკავშირებით  სალიცენზიო მოსაკრებელი - 100 ლარი;

                   სამხედრო პროდუქციასთან დაკავშირებით სალიცენზიო მოსაკრებელი - 2000     

                  ლარი.

 

იარაღით სავაჭრო და შეკეთების შენობა-ნეგებობების (მაღაზიის) ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის სტანდარტები

  1. იარაღით სავაჭრო მაღაზიის და/ან შესაკეთებელი შენობა-ნაგებობების კედლების უნდა იყოს, სულ ცოტა, 25 სმ სისქის ბეტონის, ან აგურით (ბლოკით) აშენებული. ჭერის დ იატაკის გახურვა უნდა განხორციელდეს, სულ ცოტა, 20 სმ სისქის ბეტონის, ან რკინა-ბეტონის ფილებით. შიდა კედლების აშენებისას დასაშვებია მათი შესრულება შეწყვილებული თაბაშირბეტონიანი პანელისაგან სისქით არანაკლებ 800 მმ, მათ შორის ჩადგმული ლითონის ცხაურით (წნელები დიამეტრით ან სიგანით კვეთაში არანაკლებ 16 მმ, უჯრედის ზომა - არა უმეტეს 150X150 მმ).
  2. შენობა-ნაგებობას ან/და მაღაზიას უნდა ჰქონდეს სულ ცოტა, ერთი ცალი ვიდეოთვალით აღჭურვილი სიგნალიზაცია. (შეერთებული დაცვის სამსახურთან, აგრეთვე შუშის მსხვრევის სიგნალიზაცია და განგაშის ღილაკი).
  3. თუ მაღაზიას ცეცხლსასროლი იარაღი საექპოზიციოდ აქვს გამოფენილი გარე ვიტრინაში, მაშინ გარე ვიტრინა უნდა იყოს ჯავშანიანი შესრულების. ყველა გარეთ გამავალ ფანჯარას უნდა ჰქონდეს ლითონის გისოსი, სისქით სულ ცოტა 10 მმ. ყველა რკინის კარს უნდა ჰქონდეს, სულ ცოტა, ორი საკეთი, ხოლო გარეთ გამავალი კარი დამატებით აღჭურვილი უნდა იყოს სათვალთვალო მოწყობილობით.
  4. მაღაზიას და შენობა-ნაგებობას უნდა ჰქონდეს ორსაკეტიანი რკინის კარით აღჭურვილი იარაღის საცავი. დასაშვებია იარაღის შენახვა მძიმე სეიფებში, რომლებსაც აქვთ ერთი შიდა საკეტი.
  5. მაღაზიაში განთავსებულ საექსპონატო სანადირო, გლუვლულიანი და ხრახნილლულიანი იარაღი უნდა ინახებოდეს არასაბრძოლო მდგომარეობაში.
  6. მაღაზიაში მოთავსებულ ვიტრინაში იარაღის ექსპოზიცია დასაშვებია თითო ეგზემპლიარად და დამაგრებული უნდა იყოს ფოლადის 5 მმ სისქის მავთულის ჯაჭვით ან 5 მმ სისქის ფოლადის გვარლით (ბაგირით). ჯაჭვი ან გვარლი (ბაგირი) გატარებული უნდა იქნეს სასხლეტის კაკვის დამცავ კავში. უნდა იკეტებოდეს კლიტით ან უნდა იყოს არასაბრძოლო მდგომარეობაში (მოხსნილი მჭიდით და სარტყამით, რომლებიც ცალკე უნდა ინახებოდეს იარაღის საცავში).
  7. ფეთქებადი მასალები (კვამლიანი და უკვამლო დენთი, მათი ამნთები საშუალებები, სასიგნალო დენთიანი ვაზნები და შუშხუნები, ფისტონები, კაფსულები, პიროტექნიკური ნივთიერებები ან მათი შემცველი ნაკეთობები და სხვ.) უნდა ინახებოდეს:

ა) სათავს-სეიფში, რომლის კედლები და გადახურვა უნდა იყოს უწვავი მასალისგან, სათავს-სეიფი მეზობელი სათავსისგან გამოყოფილი უნდა იყოს, სულ ცოტა, 25 სმ. სისქის ბეტონის ან აგურის (ბლოკის) კედლით, სათავს-სეიფის კარი უნდა დამზადდეს მასალისაგან, რომლის ზღვრული ცეცხლმედეგობა უნდა იყოს სულ ცოტა 45 წუთი. აფეთქების საშუალებები და ფეთქებადი ნივთიერებები სათავს-სეიფში უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან სულ ცოტა 2 მეტრის დაშორებით, ამასთან, აფეთქების საშუალებები უნდა ინახებოდეს შიგნიდან რბილი მასალით (რეხინით, ქეჩით და სხვ.) ამოგებულ სეიფში, რომელიც უნდა იყოს ჩამიწებული.

ბ) სათავს-სეიფის არარსებობის შემთხვევაში, აფეთქების საშუალებები და ფეთქებადი ნივთიერებები უნდა ინახებოდეს ერთმანეთისგან სულ ცოტა, 2 მეტრის დაშორებით განლაგებულ ცალ-ცალკე სეიფებში.

  1. აკრძალულია იარაღით და საბრძოლო მასალებით  ვაჭრობა კერძო საცხოვრებელ სახლში ან/და მის ნაწილში, გარდა კორპუსის ტიპის შენობის კომერციული ტიპის ფართობისა და ცალკე აგებული შენობისა.
  2. აკრძალულია შენობა-ნაგებობისა და მაღაზიების განთავსება ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურებისა და კომპლექსების რეზერვუარებიდან, აგრეთვე მარიგებელი სვეტებიდან სულ ცოტა, 25 მეტრის მანძილზე. 
  3. აკრძალულია შენობა-ნაგებობისა და მაღაზიების განთავსება სკოლის და ბაგა-ბაღების შენობაში, აგრეთვე, მათგან სულ ცოტა, 10 მეტრის მანძილზე მდებარე შენობა-ნაგებობაში.
  4. აკრძალულია სამოქალაქო იარაღითა და საბრძოლო მასალებით ვაჭრობა ისეთი რეგიონის სოფლებსა და დებებში, სადაც რთული მეტეოროლოგიური პირობების და გეოგრაფიული მდებარეობის გამო შუძლებელია კონტროლის განხორციელება ზემოაღნიშნულ საქმიანობაზე ან არ არსებობს პოლოციის განყოფილება.
  5. აკრძალულია სამოქალაქო იარაღითა და საბრძოლო მასალებით ვაჭრობა ისეთ დასახლებულ პუნქტში (ქალაქი, დაბა, სოფელი), რომელიც მდებარეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვართან, აგრეთვე კონფლიქტის ზონაში (რეგიონში) და კონფლიქტის ზონის (რეგიონის) საზღვართან, სულ ცოტა, 10 კმ მანძილზე.

იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია:

  • უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, აგრეთვე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა;
  • იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პირზე;
  • მოახდინოს მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
  • არ განახორციელოს ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის რეალიზაცია მისი ბალისტიკური შემოწმების გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა;
  • საკომისიო წესით ჩაიბაროს მხოლოდ ის იარაღი, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა;
  • შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღის და საბრძოლო მასალის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი), აგრეთვე  მყიდველის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს;  
  • უზრუნველყოს იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების შენახვის უსაფრთხოება;
  • შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • დაიცვას იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 

პარტნიორები