სამხედრო პროდუქციის კონტროლი

სამხედრო პროდუქციის კონტროლი

 

რა არის სამხედრო პროდუქცია?

 

სამხედრო დანიშნულების პროდუქცია განსაზღვრულია, ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის №394 დადგენილების (13.06.2014) 1 დანართით.

ნებართვის სახეები: 

სამხედრო პროდუქციის

 1) ექსპორტის ნებართვა;

 2) იმპორტის ნებართვა;

 3) ტრანზიტის ნებართვა;

 4) საბროკერო მომსახურების ნებართვა;

 5) ტექნიკური დახმარების ნებართვა.

 

ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

 

ნებართვის მაძიებელი:

 

ნებართვის მაძიებელი უნდა იყოს სანებართვო ქმედების უშუალო განმახორციელებელი, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი შესაძლებელია იყოს აგრეთვე გადამზიდველი.

ნებართვის მიღების ეტაპები:

 

I ეტაპი:

 

ნებართვები გაიცემა რეკომენდაციის საფუძველზე, რომლის  მისაღებად ნებართვის მაძიებელი მიმართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის უფლებამოსილებას, საქმიანობის წესსა და კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს განსაზღვრავს კომისიის დებულება.

 

რეკომენდაციის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტაცია

რეკომენდაციის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განცხადება.

განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმის,  წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე და უნდა შეიცავდეს:

ა) კომისიის დასახელებას; 

ბ) განმცხადებლის ვინაობას ან დასახელებას, პირად ან საიდენტიფიკაციო ნომერს და მისამართს;    

გ) მოთხოვნას;

დ)  პროდუქციის დასახელებას და მის რაოდენობას/მოცულობას;

ე) განმცხადებლის ხელმოწერას;

ვ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

 

განცხადებას უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი, მათ შორის, სანებართვო ქმედებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დამოწმებული ასლების სახით, ხოლო კომისიის/კომისიის მდივნის მოთხოვნის შემთხვევაში  დედნების სახით და მათი თარგმნილი დამოწმებული ვერსია.

განმცხადებელს უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც მისი შეხედულებისამებრ შეიცავს კომისიის გადაწყვეტილების/ რეკომენდაციის მიღებისათვის საჭირო დამატებით ინფორმაციას.

კომისია/კომისიის მდივანი უფლებამოსილია განმცხადებელს მოთხოვოს გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღებისათვის საჭირო სხვა დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

რეკომენდაციის გაცემის წესი

კომისიის მდივანი 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების და სხვა დოკუმენტაციის შესაბამისობას კომისიის დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან.

კომისია/კომისიის მდივანი უფლებამოსილია განმცხადებელს განუსაზღვროს 7-დან 30 სამუშაო დღემდე ვადა წარდგენილი განცხადების/დოკუმენტის თარგმნისთვის, აგრეთვე დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარსადგენად.

აღნიშნული ვადის გაშვება წარმოადგენს განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.

განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე ან ამ ვადის განმავლობაში მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ ინფორმაციის სამინისტროში შემოსვლამდე.

კომისიის რეკომენდაცია მიიღება კომისიის სხდომაზე ან კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით.

კომისიის რეკომენდაცია მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

კომისიის რეკომენდაციის მიღების ვადა განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით. რეკომენდაციის მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადაში არ შედის წარმოების შეჩერების პერიოდი.

 

რეკომენდაციის მოქმედების ვადაა 12 თვე მისი ძალაში შესვლის დღიდან.

 

II ეტაპი

რეკომენდაციის მიღების შემდეგ, ნებართვის მაძიებელი მიმართავს  ნებართვის გამცემს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს:

 

1)   განცხადება;

2) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები;

3) სანებართვო ქმედების დამადასტურებელი გარიგების/დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი;

4) პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა;

5) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დადებითი რეკომენდაცია;

6) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია, ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში;

7) სანებართვო ქმედების განსახორციელებლად საჭირო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზია.

8) ცნობა ნასამართლეობის არარსებობის შესახებ;

9) ცნობა ,,იარაღის შესახებ“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების შესახებ;

10) ცნობა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

11) ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

12) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (საბანკო ქვითარი).

 

სანებართვო მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს გარიგების ღირებულების შესაბამისად:

 

ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%;

ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არა უმეტეს 120 000 ლარისა.

გადახდა ხორციელდება ნებისმიერ ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახაზინო კოდი - 302 006 500.

 

ასევე, ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს:

 

1. ექსპორტის შემთხვევაში წარუდგენს:

ა) იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ პროდუქციის იმპორტის ნებართვას ან მის დამოწმებულ ასლს;

ა) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებული ასლს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქცია უბრუნდება გამომგზავნს ექსპორტიორ ქვეყანაში;

 

2. ტრანზიტის შემთხვევაში წარუდგენს:

ა) გადამზიდველისათვის გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მის დამოწმებულ ასლს;

ბ) ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ  ექსპორტის და იმპორტის ნებართვებს ან მათ დამოწმებულ ასლს;

გ) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს;

3. ტექნიკური დახმარების შემთხვევაში, წარუდგენს საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს;

4. საბროკერო მომსახურების შემთხვევაში, წარუდგენს იმპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემულ საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს.

ნებართვა მოქმედებს მასში მითითებული ვადის განმავლობაში. თუ ნებართვაში ვადა მითითებული არ არის, იგულისხმება, რომ ნებართვა მოქმედებს მისი გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.

 

პარტნიორები