სამოქალაქო იარაღის კონტროლი

სამოქალაქო იარაღი

რა არის სამოქალაქო იარაღი?

სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის.

სამოქალაქო იარაღის სახეებია:

  • თავდაცვის;
  • სპორტული;
  • სანადირო;
  • საკოლექციო.
  • სასიგნალო.

სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის სახეებია:

  • თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; 
  • სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:

სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

  • სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
  • სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
  • სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი).

 

ა) თავდაცვის იარაღის სახეებია:

 

  • მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი ან რევოლვერი (მათ შორის, საფანტის იარაღი); 
  • გაზის (აირის) იარაღი -  ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად; 
  • გაზის აეროზოლური მოწყობილობა - მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;
  • ელექტროშოკური მოწყობილობა - ოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტით ცოცხალი ობიექტის დროებით დასაზიანებლად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;

 

ბ) სპორტული იარაღის სახეებია:

  • სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
  • სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
  • სპორტული პნევმატური იარაღი;

 

გ) სანადირო იარაღის სახეებია:

 

  • სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
  • სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
  • სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
  • სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
  • სანადირო პნევმატური იარაღი.

 

დ) საკოლექციო იარაღი

საკოლექციოა იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის შექმნა და ექსპონირება;

ე) სასიგნალო იარაღი

სასიგნალოა იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად;

 

სამოქალაქო იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

 

აკრძალულია სამოქალაქო იარაღად გამოყენებულ იქნეს:

 

  • ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;

 

  • კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;

 

  • საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;

 

  • იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;

 

  • გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;

 

  • პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

 

  • მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის ხმის დასახშობად;

 

  • გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;

 

  • მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;

 

  • იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს.

 

სამოქალაქო იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რე-ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება

 

კერძო სამართლის იურიდიულ პირთა ან ინდივიდუალურ მეწარმეთა მიერ სამოქალაქო იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტი, ექსპორტი, რე-ექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

იმპორტის, ექსპორტის, რე-ექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვას ექვემდებარება:

  • სამოქალაქო იარაღი;
  • ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
  • საბრძოლო მასალა - მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;
  • საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტები - მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერება, ჭურვი, მასრა, კაფსულა;
  • სამხედრო ტექნიკა - ცეცხლსასროლი იარაღის როგორც ძირითადი, ისე არაძირითადი ელემენტების ან/და იარაღის წარმოებისათვის განკუთვნილი დანადგარები.
  • ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები და მომსახურება.
  • ზემოაღნიშნული ნებართვების მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს  შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.

 

შენიშვნა:

ზემოაღნიშნულ ნებართვას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა).  

 

იმპორტის, ექსპორტის, რე-ექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ეტაპები:

I ეტაპი:

 

ნებართვის მაძიებელმა უნდა მოიპოვოს რეკომენდაცია, რისთვისაც უნდა მიმართოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის უფლებამოსილებას, საქმიანობის წესსა და კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს განსაზღვრავს კომისიის დებულება (საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №65 29.08.2014 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე”).

 

რეკომენდაციის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტაცია

 

რეკომენდაციის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს:

  • განცხადება.

განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმის,  წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე და უნდა შეიცავდეს:

ა) კომისიის დასახელებას; 

ბ) განმცხადებლის ვინაობას ან დასახელებას, პირად ან საიდენტიფიკაციო ნომერს და მისამართს;    

გ) მოთხოვნას;

დ)  პროდუქციის დასახელებას და მის რაოდენობას/მოცულობას;

ე) განმცხადებლის ხელმოწერას;

ვ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას.

 

  • ხელშეკრულება ან განზრახულობათა ოქმი;
  • საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი ექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში.

დოკუმენტაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ასლების სახით.

 

კომისია/კომისიის მდივანი უფლებამოსილია განმცხადებელს მოთხოვოს რეკომენდაციის მიღებისათვის საჭირო სხვა დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

 

II ეტაპი

 

რეკომენდაციის მიღების შემდეგ ნებართვის მაძიებელი მიმართავს  ნებართვის გამცემს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

 

ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

 

ა) განცხადება;

 

ბ) შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია;

 

გ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები;

დ) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედანი ან ამ ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

 

ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა);

 

ვ) ექსპორტის, იმპორტის ან რეექსპორტის ნებართვა, გაცემული შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ;

 

ზ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);

 

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია;

 

კ) ცნობა ნასამართლეობის არარსებობის შესახებ;

 

ლ) ცნობა ,,იარაღის შესახებ“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების შესახებ;

 

მ) ცნობა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

 

ნ) ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

 

მ)სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (საბანკო ქვითარი).

შენიშვნა:

სანებართვო მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს გარიგების ღირებულების შესაბამისად:

ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%;

ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არა უმეტეს 120 000 ლარისა.

გადახდა ხორციელდება ნებისმიერ ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახაზინო კოდი - 302 006 500.

მიმაგრებული დოკუმენტები

სამოქალაქო იარაღი.pdf

პარტნიორები