საქართველოსა და მსოფლიოს უახლესი ისტორიის სამხედრო კონფლიქტების კომპლექსურმა და არაპროგნოზირებადმა ბუნებამ სამხედრო ოპერაციებში მართვის თვისებრივად ახალი მეთოდების გამოყენების აუცილებლობა წარმოშვა. მართვის ეს მიდგომა, რომელიც ცნობილია როგორც „ამოცანით მართვა“, რომელიც ხელს უწყობს რთულ რელიეფურ პირობებში რიცხობრივად და ტექნოლოგიურად გაცილებით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვებას და ამ უპირატესობის დროულ და ეფექტურ გამოყენებას. სწორედ ,,ამოცანით მართვა“ არის მართვის ის მეთოდი, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს კომპლექსური სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერას ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე რეაგირების პროცესში.

ამოცანით მართვა, როგორც აღიარებული მეთოდოლოგია, პრუსიელი გენერლების, გერჰარდ ფონ შარნჰორსტის, აუგუსტ ნაიდჰარდტ ფონ გნაიზენაუსა და კარლ ფონ კლაუზევიცის სახელებს უკავშირდება. იენა-აუერშტედტის ბრძოლაში ფრანგებთან მარცხის შემდეგ პრუსიელებმა არსებული სამხედრო დოქტრინების გადაფასება დაიწყეს. პირველი, რაც მათ აღმოაჩინეს იყო ის ფაქტი, რომ ნაპოლეონის მიერ ნათლად გამოცემული ჩანაფიქრის საშუალებით, ფრანგები ახერხებდნენ მაღალი საბრძოლო ტემპის შენარჩუნებას. ამას გარდა, მეთაურის მხრიდან უმცროს ოფიცერთა ინიციატივის მხარდაჭერა საგრძნობლად უწყობდა ხელს ოპერაციული ტემპის შენარჩუნებას, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ფრანგთა გამარჯვებაში.

ამ აღმოჩენის საფუძველზე, პრუსიელებმა საკუთარ სამხედრო დოქტრინებში ცვლილებები შეიტანეს, რომლის თანახმადაც თუ კონკრეტული ბრძანების შესრულება შეუძლებლად იქნებოდა მიჩნეული ოფიცერს ჰქონდათ შესაძლებლობა მეთაურის ჩანაფიქრის ფარგლებში, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თავდაპირველი ბრძანებისგან განსხვავებულად ემოქმედა. სწორედ ამ მიდგომამ დაუდო საფუძველი „ამოცანით მართვის“ ფილოსოფიის ჩამოყალიბებას. მოგვიანებით, შეიარაღებისა და ტექნოლოგიების შემდგომმა განვითარება კიდევ უფრო გაამყარა დეცენტრალიზებული მართვის აუცილებლობა.

 „ამოცანით მართვა“ გულისხმობს შესაძლებლობას დაქვემდებარებულებმა იმოქმედონ დამოუკიდებლად მეთაურის დავალებიდან და მიზნიდან გამომდინარე, უტოვებს რა მათ უფლებას თავად გადაწყვიტონ როგორ და რა გზით შეასრულონ ამოცანა. ამ მეთოდის მთავარი პრინციპების შესისხლხორცება თავდაცვის ძალების ყველა დონეზე, უმნიშვნელოვანესი პირობა იქნება „ამოცანით მართვის“ კულტურის დასამკვიდრებლად.

ამოცანით მართვის პროცესში მეთაური უნდა იყოს ცენტრალური ფიგურა. ამოცანით მართვისას ყველა დონის მეთაურს უნდა ესმოდეს პრობლემის არსი, შეეძლოს ოპერატიული გარემოს შეფასება, საბოლოო სასურველი მიზნის განსაზღვრა და ოპერატიული მიდგომის ჩამოყალიბება. მეთაური ასევე პასუხისმგებელია დროის გათვლაზე, სამოქმედო სივრცეზე, რესურსებსა და მიზნების ჩამოყალიბებაზე, საბრძოლო ფუნქციების მართვასა და პროცესის მუდმივ შეფასებაზე. ასევე, აუცილებელია, რომ მას შეეძლოს თავისი ჩანაფიქრის ნათლად გადაცემა. მეთაურმა უნდა იცოდეს დაქვემდებარებულთა შესაძლებლობები, ახალისებდეს მათ ინიციატივას, მიდიოდეს გონივრულ რისკზე და აღსრულების პროცესში ჰქონდეს დაქვემდებარებულებისადმი ნდობა. აღნიშნული მიდგომის თავდაცვის ძალებში დანერგვა ყველა დონეზე უზრუნველყოფს დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებაზე, რაც სამხედრო ოპერაციებში მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს.

პარტნიორები

image
image
image
image
image
image
image
image
image